Ukraine war4

შესავალი

2021 წლის 17 ივნისს შედგა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი ჟენევაში, სადაც ორივე პრეზიდენტმა დაადასტურეს, რომ იზიარებენ პრინციპს "ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არ უნდა გაჩაღდეს“. ეს პრინციპი მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და ბირვთული კონფლიქტის თავიდან აცილებას და მასზე 1985 წელს შეთანხმდნენ საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი და აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.

მსგავსი შინაარსის განცხადებებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო გაუვრცელებლობის რეჟიმის ნორმებთან, მუდმივად ადასტურებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ხუთი ბირთვული სახელმწიფოს (P5) წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც 1970 წელს ძალაში შევიდა გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (NPT). ”რადგან ბირთვულ გამოყენებას აქვს შორსმიმავალი შედეგები.. ბირთვული იარაღი - სანამ ის არსებობს - უნდა ემსახურებოდეს თავდაცვით მიზნებს, შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი - ასეთი იყო ბოლო მიმართვის შინაარსი, რომელიც მიღებული იყო P5 ქვეყნების შეხვედრაზე 2021 დეკემბერში . (ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების განცხადება, გამოქვეყნდა 3 იანვარს 2022).

თუმცა, ეს მიმართვა და სხვა საერთაშორისო ნორმები არ გამხდარა რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარის გაჟღერების შემაკავებული ფაქტორი. 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ თქვა:

„იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გაგვიწევს წინააღმდეგობას ან შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას, რუსეთი უპასუხებს მყისიერად, და შედეგები იქნება ისეთი, როგორც არავის არასდროს უნახავს ისტორიის მანძილზე“.

პუტინის ეს განცხადება ბევრმა აღიქვა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარად - მით უფრო, რომ თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. პასუხად, ბირთვული ომის შესაძლებელობების გარშემო ფართო მსჯელობა გაიმართა სახელმწიფოთა ლიდერების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების წრეებში.

რუსეთის მიერ უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოიყენების პერსპექტივა შემზარავია. 24თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდში რუსეთის აგრესიას უკვე მოჰყვა რამდენიმე მილიონი ლტოლვილის მიერ უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა; 10 მილიონამდე უკრაინელი დროებით იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული აფეთქება ექსპონენტურად გაზრდის მსხვერპლს და გამოიწვევს მასიურ ნგრევას, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ჰიროსიმასა და ნაგასაკში ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვა. ამიტომ, მსოფლიოს ლიდერები და მათი მრჩევლები, მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში ბირთვული იარაღის გამოყნება არ მოხდეს. 2022 წ თებერვალ-მაისის პერიოდში მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ამ მიზანს ემსახურება.

ყველასათვის ცნობილია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არის უპასუხისმგებლო, საშიში, კრიმინალური ქცევა, მისი სამხედრო მიზნით გამართლება შეუძლებელია. რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის თუნდაც განლაგება გამოიწვევს აშშ და დასავლეთის ქვეყნების საპასუხო რეაქციას. შესაბამისად, აშშ-ში რუსეთის ბირთვულ მუქარას მწვავე შეფასებები მოჰყვა.

რუსეთის მუქარა სერიოზულად იყო აღქმული იმიტომაც, რომ რუსეთი უკრაინას ემუქრება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი სწრაფად გამოყენების რისკებს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ტაქტიკური იარაღის გამოყენებისას არ მოუწევთ დიდი ბირთვული ბარიერის გადალახვა, რადგან „ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება მათი ჩვეულებრივი/კონვენციური ძალების ნაწილია“, - ამბობს დოქტორი პატრიცია ლუისი, საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი Chatham House ანალიტიკოსების ცენტრიდან. ამიტომ, საერთაშორისო ურთეირთობების სფეროს ექსპერტების აზრით, რუსეთმა შეიძლება სწრაფად და დიდი წინააღმდეგობების გარეშე გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, როგორც "თამაშის შემცვლელი", ეს მოსალოდნელია იმ შემთხვევაში თუ მან თავი იგრძნო ჩიხში, კუთხეში მიყენებულად. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი შეეცდება, თავიდან აიცილოს დამარცხება.

რა არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი?

ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენება შედარებით მცირე დისტანციებზე. ტერმინი „ტაქტიკური“აერთიანებს იარაღების მრავალ ტიპს, მათ შორის შედარებით მცირე სიმძლავრის ბომბებსა და რაკეტებს, რომლებიც გამოიყენება როგორც საბრძოლო იარაღი. თუმცა, მისი აფეთქების სიმძლავრე ძალიან განსხვავდება. ყველაზე პატარა შეიძლება იყოს ერთი კილოტონი ან ნაკლები (ეკვივალენტურია ათასი ტონა ასაფეთქებელი ტროტილის), ხოლო უფრო დიდი შეიძლება იყოს 100 კილოტონამდე. ეფექტები დამოკიდებული იქნება ქობინის ზომაზე, რა მანძილზე მოხდება აფეთქება მიწასთან მიმართებაში (მიწაზე თუ ჰაერში) და ადგილობრივ გარემოზე. შედარებისთვის, ატომური ბომბი, რომელიც იაპონიაში, ჰიროსიმაში, აფეთქდა მეორე მსოფლიო ომის დროს და დაახლოებით 146,000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, იყო 16 კილოტონა, ხოლო ნაგასაკიში აფეთქებული ბომბი - 22 კილოტონა 80.000-მდე მსხვერპლით.

ლარი კორბი ამერიკული პროგრესის ცენტრიდან, რომელიც თავდაცვის მდივნის თანაშემწე იყო რეიგანის ადმინისტრაციის დროს, ამბობს, რომ ნებისმიერი ტაქტიკური იარაღი საკმაოდ ძლიერია. მაგალითად, ტაქტიკური იარაღი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს ნიუ-იორკში, გაანადგურებდა ქალაქს, ხოლო ერთი ერთეული სტრატეგიული ბირთვული იარაღი მთელ შტატს გაანადგურებდა.

ითვლება, რომ რუსეთის ყველაზე დიდი სტრატეგიული იარაღი მინიმუმ 800 კილოტონაა. ეს განასხვავებს მათ ტაქტიკური ბირთვული იარაღისგან. ცივ ომში სტრატეგიული შეიარაღება განისაზღვრა იარაღით, რითიც ორ ზესახელმწიფოს, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს, შეეძლოთ ერთმანეთის ტერიტორიებზე წვდომა ურთიერთ-დაპირისპირებისას.

დღევანდელი მონაცემებით, რუსეთს აქვს 1600-2000 ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომლებსაც, სტრატეგიულთან შედარებით, მოკლე მანძილზე წვდომა და შეზღუდული სიმძლავრე აქვს და რომლებიც გამიზნულია საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყენებლად. ძნელია რუსეთის ტაქტიკური ბირთვული მარაგის უფრო ზუსტი დეტალების ცოდნა, ინფორმაციის არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო. ამასთან, შეუძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენებისას მიყენებული ზიანის წინასწარ გათვლა.

2018 წელს აშშ თავდაცვის მდივანმა, ჯიმ მატისმა, განაცხადა, რომ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომ ის არ განასხვავებს ტაქტიკურ და სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას, რადგან ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენება ნებისმიერ დროს თამაშის წესებს სტრატეგიულად ცვლის და, ასევე, რადიაკალურად ცვლის გლობალური უსაფრთხოების გარემოს.

2022 თებერვალი - პირველი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ ბირთვული მუქარის საპასუხოდ, 28 თებერვალს პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელი მოქალაქეები დაამშვიდა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო არ არის მოსალოდნელი ბირთვული იარაღის გამოყენება და მოაქალაქეებს არ უნდა შეეშინდეთ ბირთვული ომის. ხოლო თეთრი სახლის პრეს-დივანმა, ჯენ პასკიმ, განაცხადა, რომ აშშ არ გაზრდის ბირთვული იარაღის მზადყოფნის დონეს. ჯენ პასკიმ დაამატა, რომ „არც აშშ-ს და არც ნატოს არ აქვს სურვილი ან განზრახვა, რომ კონფლიქტი დაიწყონ რუსეთთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბირთვული იარაღის შესახებ პროვოკაციული რიტორიკა საშიშია, ზრდის მცდარი გათვლების რისკს და თავიდან უნდა იყოს აცილებული, და ჩვენ არ ჩავერთვებით ამაში“....

მარტის თვეში აშშ თავს იკავებს კონკრეტული ქმედებებისაგან, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა. პენტაგონმა გააუქმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების რუტინული გამოცდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული რაიმე შანსი იმისა, რომ მოსკოვს ეს არასწორად აღექვა. ამავე მიზეზების გამო, ნატო უარს ამბობს უკრაინის თავზე ცის დახურვაზე, რადგანაც ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შანსს ქვეყანასთან, რომელსაც მსოფლიოში ბირთვული იარაღის უდიდესი მარაგები აქვს.

თუმცა, ექპერტების ერთ ჯგუფის აზრით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, რაც უფრო წარმატებით მოიგერიებს და უპასუხებს დასავლეთის მიერ შეიარაღებული უკრაინული არმია რუსეთის აგრესიას, მით უფრო მაღალია შანსი იმისა, რომ რუსეთი გამოიყენებს მსოფლიოში ყველაზე სასტიკ იარაღს. სხვა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საეჭვოა, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. რუსეთისათვის შემაკავებელი ფაქტორია ის, რომ ატლანტიკური ალიანსი ჯერ კიდევ ბირთვული ალიანსია და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგი აძლევს საშუალებას მსოფლიოს ბირთვულ ქვეყნებს თავი შეიკავონ ბირთვული იარაღის გამოყენებისაგან

ამასთან, 2022 წლის მარტის თვეში ექპერტების გარკვეული ჯგუფი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს არა იმიტომ, რომ მისი წესიერების სჯერათ, არამდე იმიტომ, რომ ამის მიზეზი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. 2022 წ. 23 მარტს, პოლიტოლოგმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, გრემ ალისონმა, უკრაინის ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღს გამოყენების შანსი შეაფასა როგორც 1000 შესაძლო ვარინატიდან ერთი.

დოქტორი ჰეზერ უილიამსი, ლონდონის კინგს კოლეჯის ბირთვული ექსპერტი, ამბობს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი - ეს ჩინეთია. რუსეთი დიდად არის დამოკიდებული ჩინეთის მხარდაჭერაზე, მაგრამ ჩინეთს აქვს ბირთვული დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ის არასოდეს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს პირველი. ასე რომ, თუ პუტინი გამოიყენებს მას, ჩინეთისთვის წარმოუდგენლად რთული იქნებოდა მისი მხარდაჭერა, მის გვერდით დგომა. თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ის, სავარაუდოდ, დაკარგავს ჩინეთს.

თუმცა, დასავლეთის პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების მიერ თავდაპირველად გამოთქმული მოსაზრებები შეიცვალა მოგვიანებით, როდესაც რუსეთის მხრიდან განმეორებით გაჟღერდა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ექსპერტები ღიად იწყებენ მსჯელობას იმ აუცილებელ ზომებზე, რომლებიც მისაღები იქნება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საპასუხოდ.

2022 მარტი - მუქარის მეორე ტალღა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვის თავზე, 2022 წლის 26 მარტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პერმიერ-მინისტრმა და გავლენიანმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი მედვედევმა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთს აქვს შექმნილი „ სპეციალური დოკუმენტი ბირთვული შეკავების შესახებ. ეს დოკუმენტი ნათლად მიუთითებს იმ საფუძვლებზე, რომლითაც რუსეთის ფედერაციას აქვს უფლება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ... [ეს მოიცავს] როდესაც აგრესიის აქტი ჩადენილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რამაც საფრთხე შეუქმნა თავად ქვეყნის არსებობას, თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე, ანუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით“.

თუმცა, ორი დღის შემდეგ, 28 მარტს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვი შეეცადა, მეტი სიცხადე შეეტანა მედვედევის განცხადებაში და დაერწმუნებინა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ რუსეთში არავინ ფიქრობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, თუნდაც იდეაზე. 2022 წლის 5 აპრილს გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ, დაადასტურა, რომ რუსეთი მტკიცედ იცავს პრინციპს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არ უნდა იყოს გაჩაღებული.

მოვლენების განვითარების ფონზე, პოლიტიკოსები და მეცნიერები აპრილის თვეში უკვე ღიად განიხილავენ ბირთვული იარაღის გამოყენების წინაპირობებსა და შედეგებს. 2022 წლის 14 აპრილს CIA-ს დირექტორი, უილიამ ბერნსი, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ გარკვეული რიტორიკული შეფასება კრემლის მხრიდან ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, ჯერჯერობით არ გვინახავს ბევრი პრაქტიკული მტკიცებულება ბირთვული სამხედრო ძალების განლაგების შესახებ, რომელიც ამ შეშფოთებას გაზრდიდა”. ამ პოზიციას ასევე იზიარებენ რიგი ანალიტიკოსები: მათი აზრით, რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი კვლავაც დაბალია და საზოგადოების შეშფოთება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბევრად აღემატება ბირთვულ რისკს. 2022 წლის 13 აპრილს აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, შანსები იმისა, რომ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალია.

სარა ბიდგუდის (ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის კვლევების ცენტრი, აშშ) აზრით, რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება კონფლიქტში, როდესაც იგრძნობს, რომ მას ამოეწურა კონვენციური შესაძლებლობები და დაემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე; თუმცა, დასავლეთს არ აქვს კარგად გააზრებული, თუ რა არის აქ პუტინის წითელი ხაზი, ან რას მიიჩნევს ის ეგზისტენციალურ საფრთხედ.

ცნობილი მეცნიერის, სკოტ სეიგანის, შეფასებით (2022 წლის 20 აპრილი, სტენფორდის სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტი), „პუტინს შეუძლია რუს სამხედროებს უბრძანოს ერთი ბირთვული ბომბი ჩამოაგდონ უკრაინის ქალაქზე, რათა აიძულონ ზელენსკის მთავრობა დაუყონებლივ ჩაბარდეს. ეს საშინელი სცენარი არ არის მოჩვენებითი. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა იაპონიაში 1945 წელს.”

თავისი მოსაზრებები დააფიქსირა ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯოზეფ ნაიმ (თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე). ის ამბობს, რომ მაშინაც კი, თუ გაუგებრობა მოხდა და რუსეთმა გამოიყენა ატომური იარაღი უკრაინაში ან მის გარშემო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ უპასუხებს მას, რადგან ესკალაციის რისკი გაიზრდება. ნაი ვარაუდობს, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რეაგირება მოახდინოს კიბერსამყაროში; ყველაზე სავარაუდო პასუხი კი იქნება რუსეთის შემდგომი იზოლაციის მცდელობა ბირთვული ტაბუს დარღვევის გამო და შესაძლოა დამატებითი ჯარების ევროპაში განთავსება.

არაერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს არსებულ საფრთხეზე თავად უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის: ის, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აცხადებს, რომ უკრაინა არ უნდა დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას; ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის, ის ამბობს.

2022 აპრილი - მუქარის მესამე ტალღა

2022 წლის 20 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ გაიმეორა მუქარის შემცველი მიმართვა:

„[ახალი სარმატის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინის მართვა] აიძულებს ყველას, ვინც ცდილობს დაემუქროს ჩვენს ქვეყანას გაბრაზებული, აგრესიული რიტორიკის ფონზე, ორჯერ დაფიქრდეს“.

ასევე, 26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ ყურადღების გარეშე არ დატოვონ უკრაინის გარშმო ბირთვული კონფლიქტის გაზრდილი რისკები.

თუმცა, 2022 წლის 9 მაისს, გამარჯვების დღეს წითელ მოედანზე მიმართვისას ვლადიმერ პუტინმა თავი შეიკავა ბირთვული მუქარის განმეორებისგან. მან რუსეთის აგრესია დაახასიათა, როგორც ბრძოლა „სამშობლოსთვის“ „ნაცისტების“ წინააღმდეგ იმ ქვეყანაში, რომელიც აცხადებდა, რომ მას „შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი“.

პუტინმა გაამართლა ომის დაწყება, როგორც „პრევენციული დარტყმა“ ნატოს ქვეყნების მხრიდან „აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხის წინააღმდეგ“. თუმცა, რუსეთის მიერ გამოთქმულ არც ერთ პრეტენზიას - რომ უკრაინა რუსეთს ემუქრება, მას ნაცისტები მართავენ და რომ უკრაინა ცდილობს შექმნას ბირთვული იარაღი - არ იზიარებს დანარჩენი მსოფლიო.

ვლადიმერ პუტინს შეუძლია უკრაინაში დამარცხების პერსპექტივა განიხილოს როგორც ეგზისტენციალური საფრთხე მისი რეჟიმისთვის, რომელიც პოტენციურად გამოიწვევს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას - განაცხადა აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა, 2022 წლის 10 მაისს სენატის წინაშე გამოსვლისას. თუმცა, მისი აზრით, რუსეთის ლიდერი არ გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს, სანამ არ დაინახავდა ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსეთის ან მისი რეჟიმისთვის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ [პუტინის აღქმა ეგზისტენციალური საფრთხის შესახებ] შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ის მიხვდება, რომ ის აგებს ომს უკრაინაში და რომ ნატო, ფაქტობრივად, ან ერევა ან აპირებს ჩაერიოს ამ კონტექსტში და აშკარად წვლილი შეიტანოს აღქმაში, რომ ის წააგებს ომს უკრაინაში“, - განაცხადა ჰეინსმა კომიტეტის მოსმენაზე.

მისი თქმით, უახლოეს კვირების მანძლზე მოსალოდნელია რუსეთის მცდელობების ესკალაცია, რათა დააშინოს დასავლეთი, შეაჩეროს იარაღის მიწოდება უკრაინაში და შური იძიოს დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებზე ან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ არსებულ საშიშ საფრთხეებზე. თუმცა, სანამ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მოსალოდნელია, რომ რუსეთმა კონკრეტული სიგნალი გაუგზავნოს ნატოსა და აშშ-ს, რაც შეიძლება მოიცავდეს ფართომასშტაბიან ბირთვულ წვრთნას მობილური კონტინენტთაშორისი რაკეტების, მძიმე ბომბდამშენების და სტრატეგიული წყალქვეშა ნავების მობილიზაციით.

ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსის აზრით (კირ ლიბერი, ატლანტიკური საბჭო, და დერილ პრესი, ასოცირებული პროფესორი, დართმუსის კოლეჯი), თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საპასუხოდ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მხოლოდ საშინელ ვარიანტებს შორის მოუხდებათ არჩევანის გაკეთება. სანქციების გამკაცრება მხოლოდ გაზრდის რისკს პუტინის რეჟიმისთვის, რაც სტიმულს მისცემს შემდგომ ბირთვულ ესკალაციას. ამიტომ, ექსპერტების ამ ჯგუფის აზრით, ერთადერთი გონივრული პასუხი იქნებოდა მოლაპარაკების დაწყება, რომ გამოსავალი იყოს ნაპოვნი ბირთვული იარაღის გამოყენებამდე.

განსხვავებული პოზიცია აქვს იან ლოდალს (ატლანტიკური საბჭოს საპატიო მკვლევარი და ყოფილი პრეზიდენტი 2005-2006), რომელიც აცხადებს რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა მოამარაგონ უკრაინელები ჩვეულებრივი იარაღით, რათა სწრაფად დაამარცხონ პუტინის სამხედროები უკრაინაში და განაცხადონ, რომ მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებამ დამარცხების გარდა არაფერს მიაღწია.

ალექსანდრე ვერშბოუ, აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში 2001-2005 და ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის მოადგილე 2012-2016, ამბობს, რომ თუ პუტინი გადაწყვეტს ბირთვული იარაღის გამოყენებას, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა უპასუხონ სწრაფად, რათა უზრუნველყონ, რომ პუტინმა მძიმე ფასი გადაიხადოს ბირთვული ბარიერის გადალახვისთვის. თავდაპირველი პასუხი შეიძლება მოიცავდეს სერიოზულ დარტყმას ჩვეულებრივი/კონვენციური იარაღით უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე (როგორიცაა შავი ზღვის ფლოტი). მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა შეინარჩუნონ გაურკვევლობა დეკლარირებულ პოლიტიკაში იმის თაობაზე, უპასუხებენ თუ არა მხოლოდ ჩვეულებრივი ძალების გამოყენებით. ვერშბოუს აზრით, მოკავშირეებმა ახლავე უნდა გაიარონ კონსულტაცია რუსეთის მიმართ შესაძლო პასუხთან დაკავშირებით, რათა თავიდან იყოს აცილებული გაუგებრობა, როდესაც კრიტიკული დრო დადგება.

ამგვარად, მაისის თვეში, ანალიტიკოსები უკვე აქტიურად მსჯელობენ დასავლეთის შესაძლო პასუხზე რუსეთის მხრიდან ბირთული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამერიკელი ანალიტიკოსი ჯეფრი ედმონდსი, აშშ საძღვაო ანალიზის ცენტრიდან (CNA), შეეცადა პასუხი გაეცა კითხვებზე - რა მოხდება, თუ უკრაინის სამხედრო ძალების მიერ წარმატებული შეტევის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში?

როგორ განვითრედება მოვლენები თუ რუსეთმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღი გამოიყენა უკრაინაში?

ჯეფრი ედმონდისათვის მოვლენათა გავითარების ოთხი სცენარი ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება:

  • დასავლეთს შეუძლია გამოიყენოს თანაზომადი ბირთვული იარაღი ან კონვენციური იარაღი რუსული ძალების წინააღმდეგ, უკრაინაში თუ მის ფარგლებს გარეთ;
  • მას შეუძლია განახორციელოს ჩვეულებრივი სამხედრო თავდასხმა რუსეთის ძალებზე, უკრაინაში ან მის ფარგლებს გარეთ;
  • მას შეუძლია გააგრძელოს უკრაინის იარაღით მომარაგების ამჟამინდელი პოლიტიკა და თავიდან აიცილოს პირდაპირი კონფლიქტი რუს სამხედროებთან;
  • მან შეიძლება ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე კონფლიქტის მოსაგვარებლად, ისეთი პირობებით, რომლებიც რუსეთს სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს.

პირველი სცენარი

პირველი შემთხვევა შეიძლება იყოს აშშ და ნატოს სიმეტრიული/თანაზომადი რეაგირება რუსულ სამიზნეებზე უკრაინაში, ან რუსეთში არსებულ სამიზნეზე დარტყმით. თუმცა ყველაზე რთული პრობლემა მიზნის არჩევას გულისხმობს.

უკრაინაში შესაძლოა არსებობდეს რუსული სამხედრო სამიზნეები, რომლებისთვისაც დაბალი სიმძლავრის ბირთვული დარტყმა შეზღუდულ მსხვერპლს მოიტანს. თუმცა, გრძელვადიანი ზემოქმედების პოტენციალის გამო ბირთვული იარაღის გამოყენება არაბირთვული სახელმწიფოს ტერიტორიაზე პოლიტიკურად შეუძლებელი იქნება. ასე რომ, ალბათ გამორიცხულია დასავლეთის პასუხი უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით.

რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება მაშინვე აქცევს კონფლიქტს ერთის მხრივ, რუსეთსა და, მეორეს მხრივ, შეერთებული შტატებისა და ნატოს ომში. ბირთვული ომის პოტენციური გლობალური შედეგების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი განიხილავდეს ბირთვული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმას. ამგვარად, უკრაინაში რუსეთის მიერ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დასავლეთის პასუხი, ალბათ, არ იქნება ბირთვული.

მეორე სცენარი

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას აშშ და ნატომ შეუძლია უპასუხოს არაბირთვული სამხედრო ოპერაციით. შეიძლება სამიზნე აღოჩნდეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ობიექტები, ან სამხედრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ვარიანტები იწვევს კონფლიქტის გაფართოებას/ესკალაციას რუსეთსა და შეერთებულ შტატებსა და მის ნატოს წევრ მოკავშირეებს შორის. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს რუსეთის პასუხს ნატოს წინააღმდეგ. რუსეთს შეუძლია სცადოს დარტყმა მიაყენოს აშშ-ს და ნატოს ინფრასტრუქტურას როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში.

მესამე სცენარი

ბირთვული იარაღის გამოყენების პასუხად შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ შეიძლება შეინარჩუნონ კურსი და განაგრძონ უკრაინელებისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ომის ესკალაციის გარეშე. ეს ვარიანტი მაქსიმალურად შემოფარგლავს კონფლიქტს უკრაინა-რუსეთით და ასევე დაასუსტებს რუსეთს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით.

თუმცა, ამ შემთხვევაში თავს იჩენს რამოდენიმე დამატებითი პრობლემაც: 1) შეერთებულ შტატებსადა ნატოსთვის ნათელი გახდება, რომ დახმარების ამჟამინდელი დონე არასაკმარისია უკრაინის არმიის, როგორც სიცოცხლისუნარიანი საბრძოლო ძალის შესანარჩუნებლად, მას შემდეგ, რაც უკრაინაში იქნება მსხვერპლი ბირთვული დარტყმის შედეგად. კიდევ ერთი პრობლემა იქნება ის, თუ რა დასკვნას გააკეთებენ სხვა ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სიმეტრიული პასუხის არარსებობის შემთხვევაში - კერძოდ, არაბირთვული ქვყენებისათვის ნათელი გახდება, რომ ბირთვული იარაღის ფლობა დიდ გავლენას ნიშნავს და მისთვის გაწეული ყველანაირი ხარჯი გამართლებულია.

ამ შემთხვევაში რუსეთს უმყარდება აზრი, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში უფრო ნაკლებ რისკებს გულისხმობს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა, და რომ სამხედრო ბირთვული ძალების გამოყენება ეფექტური გზაა კონფლიქტის დასასრულებლად. პუტინი ჩათვლის, რომ საპასუხოდ ნატო არ არის მზად გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

მეოთხე სცენარი

არსებობს კონფლიქტის განვითარების სხვა ვარიანტიც, რომელიც გულისხმობს კონფლიქტის დასრულებას ისე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას კონფლიქტიდან „გამოსვლის“ შესაძლებლობა აქვს. ამ ვარიანტს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები და გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოზე.

ამ სცენარის ცენტრალური გამოწვევა არის რუსებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისას ინტერესებისა და პოზიციების შეუთავსებლობა. რუსეთის პერსპექტივით მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა გამოიწვევს უკრაინასა და შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის შეწყვეტას, უკრაინის ნეიტრალიტეტს და რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის მიერთებას, ისევე როგორც რუსეთისთვის ხელსაყრელ სხვა უსაფრთხოების გარანტიების მიღებას. უკრაინის პერსპქტივიდან ეს მიუღებელია.

მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს ასევე იქნება იმის სიგნალი, რომ ბირთვული შანტაჟი ეფექტურია. ეს ტოლფასი იქნება პოლიტიკის 180-გრადუსიანი ცვლილებისა უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების გამო. ეს იქნება უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი მომავლისთვის, არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სხვა მსოფლიო აქტორებისთვის, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ამგვარად, ოთხივე შესაძლო სცენარს ერთი მოსალოდნელი ეფექტი აქვს - რუსული ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში მნიშვნელოვნად გაზრდის ნატო-რუსეთის დაპირისპირების ალბათობას.

გამოყენებული წყაროები:

Will Putin go nuclear? A timeline of expert comments, by Susan D’Agostino, Bulletin of the Atomic Scientists, April 27, 2022. Available at: https://thebulletin.org/2022/04/will-putin-go-nuclear-a-timeline-of-expert-comments/#post-heading

Ukraine war: Could Russia use tactical nuclear weapons? by Gordon Corera, BBC News, 26 April 2022. Available at: https://www.bbc.com/news/world-60664169

Would Putin Really Go Nuclear? Well …, by Jordan Michael Smith, The New Republic, March 7, 2022. Available at: https://newrepublic.com/article/165634/putin-nuclear-weapons-ukraine-us-response

Putin could use nuclear weapon if he felt war being lost, by Julian Borger, The Guardian, 10 May 2022. Available at: https://www.theguardian.com/world/2022/may/10/putin-nuclear-weapons-us-intelligence-avril-haines

Will Putin use nuclear weapons in Ukraine? by Atlantic Council experts, New Atlanticist, May 10, 2022. Available at: https://www.atlanticcouncil.org/blogs/new-atlanticist/will-putin-use-nuclear-weapons-in-ukraine-our-experts-answer-three-burning-questions/

Potential US responses to the Russian use of non-strategic nuclear weapons in Ukraine, by Jeffrey Edmonds, Bulletin of the Atomic Scientists, May 16, 2022. Available at: https://thebulletin.org/2022/05/potential-us-responses-to-the-russian-use-of-non-strategic-nuclear-weapons-in-ukraine/#post-heading

Russia's Lavrov: Do not underestimate threat of nuclear war, Reuters. 26 April 2022. Available at: https://www.reuters.com/world/russia-says-western-weapons-ukraine-legitimate-targets-russian-military-2022-04-25/

 
 
 
 

Login Form

Address

12, Chavchavadze Ave, Apt 24 (2nd floor)
Tbilisi 0179, Georgia

E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.